ოთარ სულავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
5 თებერვალს, 18 საათზე, ეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის – ოთარ სულავას (1926-2000) საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეის ინფორმაციით, გალერეაში ოთარ სულავას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება და მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტულ სურათს გთავაზობთ.
ოთარ სულავამ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ: მოსე თოიძე, ვალენტინ შერპილოვი, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე. მხატვრის შემოქმედებითი ბიოგრაფია 5 ათეულ წელს მოიცავს. მან მრავალფეროვანი ძიებებით სავსე შემოქმედებითი გზა განვლო. მისი მხატვრული მემკვიდრეობა სტილურად თუ თემატურად უცნაურად განსხვავებულ ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ოჯახის კოლექციებიდან.
ოთარ სულავას მრავალფეროვანი შემოქმედების სამეტყველო ენა ფერწერაა, რომლის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების ძიებას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და დაგვიტოვა მრავალმხრივ ღირებული მხატვრული მემკვიდრეობა.
რუსთაველის გამზ.# 11