„ტერორი“ – პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

14, 15 და 17 თებერვალს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. მარჯანიშვილის თეათრის ინფორმაციით, დაიდგმება ფერდინანდ ფონ შირახის – „ტერორი“ .
დამდგმელი რეჟისორი: თემო კუპრავა; მხატვარი – ანკა კალატოზიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი – თემო კუპრავა; ვიდეო-პროექცია – დათა დვალიშვილი;  ტექნიკური რეჟისორი – თამარ ფრუიძე.მონაწილეობენ: მეკა ჩხეიძე, ალეკო მახარობლიშვილი, პაატა ინაური, ნატალია გაბისონია/ანუკი ბუბუტეიშვილი, ნინი ნოზაძე/ნინი კვირიკაშვილი, ანიკო ეზიაშვილი/თეა ალფაიძე, გიორგი სირბილაძე, ირიკო აბულაძე, ელენე ჭავჭავაძე.

სპექტაკლის შესახებ:

გერმანელი იურისტისა და მწერლის, ფერდინანდ ფონ შირახის „ტერორი“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მოთხოვნადი პიესაა. პრემიერიდან დღემდე, წარმოდგენა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და 100-ზე მეტ თეატრში გაიმართა — ბერლინი, ლონდონი, ტოკიო, ნიუ-იორკი.
„ამ სპექტაკლში თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი. თქვენ ხართ ნაფიცი მსაჯულები. სპექტაკლის მსვლელობისას თქვენს წინაშე გაცოცხლდება სასამართლო პროცესი, სადაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე და მორალური პრინციპები დევს. ფინალში სწორედ თქვენი ხმა განსაზღვრავს სპექტაკლის დასასრულს — მაყურებლის ვერდიქტზეა დამოკიდებული, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან თავისუფალი გავა თუ პატიმრობაში დარჩება.
ეს არის ინტელექტუალური დუელი, რომელიც გაიძულებთ უპასუხოთ იმას, რაზეც კანონმდებლობა ხშირად დუმს: როგორ უნდა იმოქმედო, როდესაც კანონი დუმს, ხოლო  ტრაგედია გარდაუვალია? შეიძლება თუ არა დანაშაული იყოს ერთადერთი სწორი გამოსავალი? ვერდიქტი თქვენია“! – წერია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​„მნიშვნელოვანი ინფორმაცია: წარმოდგენის დასასრულს მაყურებელი მონაწილეობას იღებს კენჭისყრაში. თქვენი არჩევანი განსაზღვრავს მთავარი გმირის ბედს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები