„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას რეგიონებში უმაღლესი სასწავლებლების აშენებას სთხოვენ

„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას რეგიონებში უმაღლესი სასწავლებლების გახსნას სთხოვენ,- ამის შესახებ დღეს საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარტიის ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა.
ნაჭყებიას განცხადებით, საქართველოში ბევრი ისეთი ქალაქია, რომელიც გალამაზდა, თუმცა სიცოცხლე და მნიშვნელობა ვერ შეიძინა. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, უმაღლესი სასწავლებელი სიღნაღში აშენდეს.
„ახალ მემარჯვენეებს“ გვქონდა ინიციატივა, რომ უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა ქალაქში განთავსებულიყო. ეს ამ ქალაქებს ახალ სიცოცხლესა და მეტ მნიშვნელობას შემატებს. დღეს დღის წესრიგში ისევ დადგა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი. ბათუმს კონკრეტულად გამოხატული ფუნქცია აქვს. გარდა იმისა, რომ იგი ძალიან ლამაზია, ტურისტული და საზღვაო ქალაქია, ბოლო წლებში ხდებოდა კულტურული ცენტრი. ბათუმს აქვს თავისი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები. უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყოს იმ ქალაქებში, რომლებიც გაკეთდა, გალამაზდა, ვიზუალური სახე შეიძინა, მაგრამ ვერ გაცოცხლდა და განსაკუთრებული ფუნქცია ვერ შეიძინა. ასეთ ქალაქად ჩვენ გვესახება სიღნაღი. ეს სრულიად განსაკუთრებული ხიბლის მქონე ქალაქია, მაგრამ იქ იშვიათად ჩადის ვინმე. სიღნაღი მისადგომად მარტივია, ახლოს არის თბილისთან, მას დაამშვენებდა და გააცოცხლებდა იქ უმაღლესი სასწავლებლის აშენება. ხელისუფლებას ვთხოვ, სიღნაღში უმაღლესი სასწავლებლის აშენების საკითხი განიხილონ“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები