სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა

 

თბილისის მერიის სსიპ „თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფილიალებს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა.
სასწრაფო  -სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანების გადაცემას თბილისის მერი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.
დავით ნარმანიამ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობაც დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეანომობილები საჭიროების მიხედვით, დამატებითი, ან სარეზერვო ეკიპაჟისთვის იქნება გამოყენებული.  მანქანები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტით, რაც აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია დამატებით რამდენიმე რეანომობილის შეძენა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, რეანომობილები გამართულია საერთაშორისო სტანდარტებით.
„მე თვითონაც ყოფილი სასწრაფო დახმარების ექიმი ვარ, თავად ვნახე ეს აღჭურვილობა და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ მანქანაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ფორდის“ მარკის ახალი რეანომობილები ევროპული სტანდარტების სპეციალური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა კლინიკაში მიყვანამდეა შესაძლებელი.
12 ახალი რეანომობილის შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 708 000 ლარი გამოიყო. დღეისთვის დედაქალაქს სასწრაფო- სამედიცინო ცენტრის მედიკოსთა 93 ბრიგადა ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები