ინდონეზიის სამაშველო სამსახური იავას ზღვაში ჩავარდნილი ”ეარ აზიას” ავიალაინერის ამოტანას გეგმავს

ინდონეზიის სამაშველო სამსახური იავას ზღვაში ჩავარდნილი ავიალაინერის QZ8501 -ის ზედაპირზე ამოტანას გეგმავს. სამაშველო სამსახურის უფროსმა ფრანსისკუს სოელისტიომ „როიტერის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ, ამინდის გაუარესების მიუხედავად, ის ყველაფერს იღონებს ავიალაინერის ხმელეთზე ამოსატანად. სოელისტო იმედს გამოთქვამს, რომ გარდაცვლილი მგზავრების გვამებსაც აუცილებლად იპოვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფი მგზავრები დღეს ცოცხლები აღარ არიან, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითმფრინავი იავას ზღვაში არ დარჩეს. სამაშველო სამსახურის მუშაობას ართულებს ის საკითხი, რომ თვითმფრინავის კილი (ბოლო ნაწილი) მისი ძირითადი ნაწილისგან რამდენიმე კილომეტრში ჩავარდა. თუმცა, ვფიქრობთ, შეუძლებელი არაფერია”, – აღნიშნა სოელისტიომ.
28 დეკემბერს, ეარაზიას ავიალაინერი QZ8501 ინდონეზიის ქალას სურაბაიდან სინგაპურში მიფრინავდა. ამინდის გაუარესების გამო, მფრინავმა დანიშნულების მიმართულების შეცვლა მოითხოვა. თვითმფრინავის კვალი რადარებმა აფრენიდან 40 წუთში დაკარგეს. გაუჩინარებიდან 1 კვირაში QZ8501-ის ავიალაინერი იავას ზღვაში აღმოაჩინეს. ოფიციალური მონაცემებით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურმა 162 გარდაცვლილი მგზავრიდან მხოლოდ 50-ის პოვნა მოახერხა. მათ შორის 38 ადამიანის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინდონეზიის სამაშველო სამსახური გარდაცვლილების ძებნას დღემდე არ წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები