უნიკალური ბუხარი ხელოვნების სასახლეში

მიტოვებულ შენობაში აღმოჩენილი უნიკალური ბუხარი ხელოვნების სასახლეში გააგრძელებს ცხოვრებას. კერამიკით მოპირკეთებული ბუხარი ყველაზე დიდია მუზეუმის ფონდებში აქამდე დაცულ ექსპონატებს შორის. გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუში რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატებმა ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში დაამზადეს.
ბუხარს რამდენიმე დეკორატიული დეტალი დაკარგული აქვს, მათ შორის ის სკულპტურაც, რომლის სახელსაც ატარებს. ბუხარზე არსებული დამღა მიუთითებს, რომ ვენერა ლისოვსკის ქარხანაშია დამზადებული და, სულ მცირე, ერთი საუკუნისაა.
ბუხარი თავდაპირველად განთავსებული იყო იამანიძის ქუჩაზე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა. აღნიშნულ ხელოვნების ნიმუშს მკვლევარმა ვანო ჯახუამ 2014 წლის 9 ივლისს მიაკვლია და მუზეუმის ადმინისტრაციას აცნობა. ბუხრის განსაკუთრებული ეროვნული და მხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე, მუზეუმის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა უნიკალური ნივთის დემონტაჟისა და მისი სამუზეუმო სივრცეში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული პროცესი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით. უნიკალური სარესტავრაციო პროექტი კომპანია „ჯეოსელმა“ დააფინანსა. ამჟამად ბუხარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საგანძურია.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები