„იდენტობა“ რუსთაველზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს



არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ რუსთაველის 37-ში მდებარე შენობაში, ე.წ. აზარიანცის სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იდენტობის“ ოფისი სწორედ აღნიშნულ შენობაში მდებარეობს. როგორც ჟურნალი „17 მაისი“ წერს, ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება „იდენტობის“ წინააღმდეგ გაჩაღებულ ტერორის კამპანიასა და ხანძარს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. ამ მოსაზრების საპასუხოდ, „იდენტობაში“ აცხადებენ, რომ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა რეხვიაშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ყურადღებას ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს. ამის მიუხედავად, მისი თქმით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და, ამავე დროს, ორგანიზაციის თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“ჩვენ გვესმის, თუ რატომ შეიძლება გავრცელებულიყო მსგავსი მოსაზრება. ყველას კარგად გვახსოვს 2014 წელს სპორტის სასახლეში გაჩენილი საეჭვო ხანძრის შესახებ, რომლის გამოც “იმედის ფესტივალი” ჩაიშალა. მაშინაც, ხანძარს წინ უსწრებდა რელიგიური უმცირესობების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანია, რომლის მიზანიც ამ ფესტივალის ჩაშლა იყო”, – აცხადებს ანა რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით მაინც თავს შეიკავებენ პოზიციის გამოხატვისგან, მიუხედავად იმისა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება.
„მიგვაჩნია, რომ მხოლოდ გამოძიების შედეგების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ თემის შესახებ წინმსწრებ განცხადებებს”, – ამბობს რეხვიაშვილი.
ორგანიზაციის თანამშრომლისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი ხანძრის შედეგად დაზიანებული არ არის.
“იდენტობის “ოფისი და შენობის მხარე, რომელიც ყოფილი ელბაქიძის ქუჩას ესაზღვრება, ხანძარს გადაურჩა. მართალია, ოფისში დენი არაა, არის კვამლი და კედლებიც სველია, მაგრამ ცეცხლმა ჩვენთან შემოღწევა ვერ შეძლო”, – განუცხადა ვაჭარაძემ “17 მაისს”.
„იდენტობის“ იურისტის, ინგა არახამიას თქმით, ხანძართან დაკავშირებით მას 13 იანვრის დილის 04:00 საათზევე ჰქონდა პირველი კომუნიკაცია გამომძიებელთან, რომელიც „იდენტობის“ მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. არახამიას ცნობით, “იმავე [ძველი თბილისის] განყოფილების სხვა გამომძიებელი იძიებს აზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს.”
„იდენტობის“ იურისტმა ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენის შედეგების ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გაცნობა მოითხოვა, რაც ორგანიზაციას შესაძლებლობას მისცემს, გამორიცხოს ან პირიქით, დაადასტუროს საზოგადოებაში გაჩენილი ვარაუდი – ხომ არ შეიძლება ხანძარი „იდენტობის“ მიმართ მუქარის საქმეს უკავშირდებოდეს და ხომ არ იყო ის განზრახვა,  „იდენტობის“ დასაშინებლად გამოწვეული. არახამიას ცნობითვე, გამომძიებელმა მას განუმარტა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და ხანძრის კერის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა უკვე დანიშნულია და ექსპერტიზის შედეგებს, „იდენტობას“, როგორც ერთ-ერთ დაზარალებულ მხარეს, ოფიციალურად გააცნობენ.
„იდენტობის“ იურისტის თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეეძლება ორგანიზაციას შეფასების გაკეთების შესაძლებლობა და მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება ეს ყოფილიყო განზრახ ჩადენილი ქმედება და მუქარის კიდევ ერთი გზავნილი „იდენტობის“ მიმართ.
“ამ ეტაპზე ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება, რაც უნდა იქნას ობიექტურად გამოძიებული და გამოირიცხოს უტყუარი მტკიცებულებებით”, – აცხადებს არახამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები