თბილისში „დანკინ დონატსის“ ორი რესტორანი გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „დანკინ დონატსის“ პირველი რესტორანი გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, რესტორნის გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და „ვისოლი ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას რესტორნის გახსნა მიულოცა. დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას, აშშ-ს ელჩს, საპატიო თბილისელს, რიჩარდ ნორლანდს და თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო ამ პროექტის განხორციელებას.
„აქ თავმოყრილი ბავშვების და ახალგაზრდების სიმრავლე ხაზს უსვამს იმას, რომ „დანკინ დონატსის“ მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ეს ბრენდი ჩვენს რეგიონში ნომერ პირველია. ბევრი ქვეყნის დედაქალაქს არ აქვს ამის ფუფუნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში „დანკინ დონატსის“ შემოსვლა დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის. აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, საქართველოში „დანკინ დონატსის“ რესტორნების ქსელის გახსნა მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატზე და სიმარტივეზე, რომლის მეშვეობითაც ეს ამერიკული ბრენდი შემოვიდა. „ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „ვისოლი“ ხსნის კიდევ ახალ ბიზნესს, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. დღესვე „დანკინ დონატსის“ მეორე ამერიკული რესტორანი ცინცაძის №37-ში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები