სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ ადასტურებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატებს თინათინ ნაკაშიძესა და გოჩა გაგოშიძეს პროფესიული მოვალეობის განხორცილების უფლება უკანონოდ შეეზღუდათ.
ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი წარმომადგენლობითი დოკუმენტი(ორდერი) არ შეესაბამებოდა თავად ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2006 წლის პირველ თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად ორდერის შედგენისას აუცილებელია რიგი რეკვიზიტების მითითება, მათ შორის: დავალების შინაარსი უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულების ადგილს ან ორგანოს. ასევე, დოკუმენტში უნდა აღინიშნოს ორდერის მოქმედების ვადა.(რაც აღნიშნულ დოკუმენტში არ ფიქსირდებოდა) გვსურს განვაცხადოთ, რომ არსებული ხარვეზის შესახებ ადვოკატებს 6 იანვარს ეცნობათ სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, ადვოკატებმა გაიზიარეს შენიშვნები და გამოხატეს მზაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სამინისტროსთვის გაუგებარია 6 დღის შემდეგ კვლავ ამ საკითხის პროტესტის ფორმით წამოწევა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისკენ და სრულიად ემორჩილება კანონის უზენაესობას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები