„ჭაღალაძის მუქარა ყურადსაღებია, ხელისუფლებამ ტერორიზმის წინააღმდეგ სასწრაფო ზომები უნდა გაატაროს“

ბათუმელი რადიკალი მუსლიმანის, თამაზ ჭაღალიძის მუქარას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მაისაიამ არ გამორიცხა, რომ ჭაღალაძის მუქარა შესაძლოა, „კარფურის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას უკავშირდებოდეს.
მისივე განცხადებით, საფრთხე საკმაოდ სერიოზულია და აუცილებელია ხელისუფლება ამ და სხვა მსგავსი ტიპის მუქარებს ყურადღებით მოეკიდოს და ტერორიზმთან ბრძოლისათვის სასწრაფო ზომები მიიღოს.
„ჭაღალაძის მუქარა შეიძლება დავაკავშიროთ „კარფურის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმასთან. იქ იყო ახლო აღმოსავლეთის კიბერარმია. საქართველო უკვე მოხვდა ისლამური ხალიფატის დარტყმის ქვეშ. კიბერშეტევა, რომელიც კარფურის მაღაზიათა ქსელზე განხორციელდა, გლობალური მასშტაბის იყო. საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. მე კარგად დავაკვირდი ადგილმდებარეობას იმ სურათების მიხედვით, რომელიც გავრცელდა მუქარასთან ერთად. აშკარად ჩანს, რომ ჭაღალაძე კონსპირაციულ ბინაშია. მას გააჩნია საკმაოდ კარგი შეიარაღება, როგორიცაა ახალი „კალაშნიკოვის“ ტიპის რუსული ავტომატი. მე არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჭაღალაძე შესაძლოა, ჩრდილო კავკასიაში რომელიღაც კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდეს. ასეთი დონის კონსპირაციულ ბინებში, ძირითადად, დაღესტნის ჯამაათის მებრძოლები არიან, რომლებიც დღეს ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მაისაიას განცხადებით, ქართველმა რადიკალმა ისლამისტმა აქცენტი ლაფანყურის სპეცოპერაციაზეც გააკეთა. სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოუძიებლობამ შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.
მაისაიას თქმით, ჭაღალაძე ცდილობს, საქართველოში ეთნორელიგიური შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი.
ვახტანგ მაისაიამ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.
„უნდა შეიქმნას უწყებათშორისი კომისია და დაიწყოს მუშაობა ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე. უნდა შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო სფეროში. მისაღებია ინიციატივათა პაკეტი, რომელიც მიზნად დაისახავს პოლიტიკურ -ექსტრემისტთა იმპორტის მცდელობისგან აღკვეთას. აუცილებელია, შემუშავდეს ის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონი, რომელიც საქართველოს ტრანზიტისთვის გამოყენებას შეზღუდავს, რომ საქართველო, თუნდაც ისლამური ხალიფატის საბრძოლო ჯგუფების მიმართულების აღკვეთის კუთხით, სატრანზიტო ქვეყანა არ გახდეს. საქართველო უცილებლად უნდა მიუერთდეს ევროკავშირის ანტიტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც 2005 წელს შემუშავდა. ასევე აუცილებელია, რომ სამხედრო სტარტეგიაში ცვლილებები შევიდეს და გათვალისწინებული იქნას ასიმეტრიულ სამხედრო საფრთხეებთან კონკრეტული ამოცანების დაყენება. საჭიროა პრემიერ- მინისტრთან იყოს სპეციალური თანაშემწის თანამდებობა, რომლის ფუნქცია ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინაცია იქნება. ასევე უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ოპერაციების მართვის ცენტრი“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმანმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, იგივე აჰმედ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.
ჭაღალიძე აღნიშნულ მიმართვას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ავრცელებს:
„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა „კაგებეშნიკი“, ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით, დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე, ანაფორიანო ვირთხებო, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები