რატომ სთხოვეს სასწრაფოს ექიმს ახალი წლის ღამეს გოზინაყის ჭამის ნებართვა – კურიოზული გამოძახებები
ახალი წლის დღეებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში უცნაური და კურიოზული გამოძახებები დაფიქსირდა. უჩვეულო შემთხვევების შესახებ „კვირას“ გადაუდებელი დახმარების ერთ-ერთმა ექიმმა სოსო აბუდუშელიშვილმა მოუყვა.
ერთ-ერთ მისამართზე მისვლისას სამედიცინო დახმარების ექიმებს ახალგაზრდა ქალი დახვდათ, რომელიც ახალი გამოწერილი იყო სამედიცინო დაწესებულებიდან. პაციენტი შეწუხებული იყო, რომ ნიგოზი ალერგიას აძლევდა, ახალ წელს კი ძალიან უნდოდა მისი მირთმევა. ქალბატონმა ექიმებს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა გოზინაყი მიერთვა და ჯანმრთელობის პრობლემა არ შექმნოდა.
„ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა და გვითხრა: „იცით, რა არის, ბატონო, მე ალერგიული ვარ, რამდენჯერმე მომცა ალერგია, განსაკუთრებით ნიგოზზე, ამიტომ რაღაცებს ვერ მივირთმევ. ძალიან მიყვარს გოზინაყი და ახალ წელს რომ ვჭამო, თუ შეიძლება?“. ეს ქალი ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან. ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს მისთვის არ შეიძლებოდა“, – იხსენებს სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმი.
კიდევ ერთი უცნაური გამოძახებისას სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მამა-შვილი დახვდა. შვილი ალკოჰოლზე დამოკიდებული მამის მოთხოვნის გამო, რომ მისთვის არაყი დაელვინებინათ, შეწუხდა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიმართა. იგი ექიმებს სთხოვდა, როგორ მოქცეულიყო, რომ მამას ალკოჰოლური სასმელი არ დაელია.
„შვილი დამხვდა ოფლში გაწურული. ალკოჰოლზე დამოკიდებული მამა ჰყავდა. ამბობდა, რაც ფული მქონდა, ნარკოლოგიურში ჩავყარე და მოვუხსენი ეს „არაყიზაციაო“. მამა ისევ ითხოვდა არყის დალევას და შვილი გვეკითხებოდა, რა ექნაო. გვთხოვდა, იქნებ რაიმე გაგვეკეთებინა. ვესაუბრეთ და წამოვედით. გავიდა ორი საათი. ისევ გამოგვიძახეს. მივედით. შვილი ყვიროდა და ხტუნაობდა, ამდენი ფული ჩავყარე ნარკოლოგიურშიო. მამამისი ყვიროდა, არაყი დამალევინეთო. შეწუხებული შვილი იძახდა, ვერ გავიგე, ახალი წელი მოდის თუ არყის წელიო“, – ჰყვება სოსო აბუდუშელიშვილი.
ექიმი იმ იუმორისტულ შემთხვევასაც იხსენებს, რომელიც მის კოლეგას გადახდა თავს. გინეკოლოგიურ დაწესებულებაში მიყვანილი ქალის ქმარს დაწესებულების ექიმი მამაკაცი გაეხუმრა და უთხრა, რომ მის ცოლს სავადმყოფოში იტოვებდა, თავად კი უნდა წასულიყო და ორი პრეზერვატივი მოეტანა.
„წინასაახალწლო პერიოდში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა გინეკოლოგიური პაციენტი. სავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, ექიმს უთქვამს პაციენტის ქმრისთვის, თქვენს ცოლს მე ვიტოვებ და ორი პრეზერვატივი მომიტანეთო“, – ამბობს აბუდუშელიშვილი.