სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება

სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება – სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გამართა.
მისივე თქმით, ინვენტარიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.
პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით.
“წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატიზების პროცესები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე განმარტებით, სააგენტომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო. აღიწერა თბილისის 15 რაიონი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი. შედეგად თბილისში გამოვლინდა 625, ხოლო გარდაბანში – 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი (აღმოჩენილი ობიექტების საერთო ფართობი დაახლოებით – 5,5 მლნკვ.მ.). აღნიშნული ქონების პრივატიზებიდან შემოსავალმა კი გასულ წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა.
ინვენტარიზაციის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე სამი ორ-კაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას.
ჯგუფები აღჭურვილნი იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები