საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეზღუდულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე გაწმედითი სამუშაოები დილიდან განახლდა.
ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლსელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ150-188კმ (მულახი-უშგული) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო კმ30-კმ150 (ჯვარი-მულახი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ70 მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ71-კმ150 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.