საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პრეზიდენტს წლიური ანგარიშით ელოდებიან
საკანონმდებლო ორგანოში, საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს წლიური ანგარიშით ელოდებიან.
პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის სხდომების პირველ დღეს ინიშნება. პარლამენტში უკვე დაიწყეს მსჯელობა ფორმატზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფოს მეთაურს შესთავაზებს.
უმცირესობის წარმომადგენლები დებატებს ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
„ბოლო პერიოდში რაღაც წესად დამკვიდრდა ოპოზიციისთვის, რომ ყველაფერზე დებატებს ითხოვენ. პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დისკუსიები იმართება, მაგრამ ეს არ არის ადგილი მხოლოდ ლაყბობისთვის. აქ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, ვიდრე მათი მოსმენა“, – აცხადებს ეკა ბესელია.