საპატრიარქო მარხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მათთვის, ვინც მარხვაზეა, თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად, 2 იანვარს მმარხველებისთვის თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის.
40 დღიანი საშობაო მარხვა წელს 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს.
25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლოთ. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები