გიორგი მარგველაშვილი: თავდაცვის მინისტრს ერთი დამცველი არ გამოუჩნდა

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, უწყების ხელძღვანელის მინდია ჯანელიძის მისამართით ერთხმად გამოთქმული კრიტიკა ძალიან ცუდი დასანახი იყო. როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, მაშინ მინდია ჯანელიძეს ერთი დამცველი არ გამოუჩნდა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უცებ გაწირვა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სტილი გახდა. მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში სწორედ ეს იყო ცუდი დასანახი.
„ძალიან ცუდი დასანახი იყო, რომ უცებ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთ ადამიანს უპირისპირდებოდა. თავდაცვის მინისტრს ერთ დამცველი არ გამოუჩნდა. ასე უცებ გაწირვა რატომღაც  ქართულ საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების სტილი გახდა. ეს იყო ცუდი დასანახი, მე ამას გავუსვი ხაზი. განცხადებაზე საერთოდ არ მისაუბრია, მაგრამ არ შეიძლება, უცებ ყველა რომ აღმოაჩენს დიდ ჭეშმარიტებას და ერთიანად, ხატოვანი გამოთქმებით გაილაშქრებს ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს არ არის ის, რასაც ჩვენი ცხოვრებისთვის პოზიტივი მოაქვს. აქედან გამომდინარე, მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, მეთქვა, რომ ამ ისტერიული დაპირისპირების ტემპერატურას დავუკლოთ-მეთქი“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ, უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის თაობაზე გავრცელებული განცხადების გამო ჯანელიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პრეზიდენტი თავდაპირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოეხმაურა. პრეზიდენტი მაშინაც აღნიშნავდა, რომ მისთვის უსიამოვნოა, როდესაც მთელი ქვეყანა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ერთიანდება. მისი აზრით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები