პრეზიდენტის რეზიდენციასთან “არემჯი გოლდის“ თანამშრომლების და საყდრისის საბადოზე დასაქმებულების აქცია იმართება (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლების და საყდრისის საბადოზე დასაქმებულების მიერ ორგანიზებული აქცია იწყება.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე ამ დროისთვის ათასამდე ადამიანია შეკრებილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას და პრეზიდენტთან ამ საკითხზე პირადად შეხვედრას ითხოვენ.
ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა,კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ.
მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით – “პრეზიდენტო, ვინ შეინახავს ჩვენს ოჯახებს?!“ “საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ“?! ადგილზე იმყოფება კომპანიის ხელძღვანელობა. ისინი პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შეკრებულებს სიტყვით მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისში ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია.