„გვაინტერესებს, ქვეყნის პრეზიდენტი ასე ურცხვად რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას”

„არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ თანამშრომლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. კომპანიის თანამშრომლებისთვის გაურკვეველია საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის უბანთან დაკავშირებით.
„მან ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო სამოქმედოდ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ძეგლის დაცვის მიზნით მიზანმიმართულად მოქმედებენ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ჩვენ გვაინტერესებს, ქვეყნის პრეზიდენტი ასე ურცხვად რატომ აკეთებს ისეთ განცხადებას, რაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს კომპანიაში დასაქმებული 3000 ოჯახისა და მთელი რეგიონისათვის.
იგი ადასტურებს ძეგლის არსებობას მაშინ, როდესაც არც კი დაინტერესებულა და უნახავს ობიექტი. უფრო მეტიც, პრეზიდენტს სურვილიც კი არ გასჩენია შეხვედროდა ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულიყო მათი პოზიციით. იგი გამოდის ინიციატივით და ამბობს, რომ შეწყდეს კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სრულიად იაზრებს თავის პასუხისმგებლობას რეგიონისა და ხალხის წინაშე და აცხადებს, რომ „არემჯი გოლდმა“ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სამუშაოები. მაშინ, როდესაც კანონის სრული დაცვით გაცემულია ნებართვები სამუშაოებზე, ქვეყნის პრეზიდენტს თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს საერთოდ არ აღელვებთ ხალხის მდგომარეობა.
ჩვენ დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს იმ ძირგამომთხრელი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ასე სავალალო მდგომარეობაში გვაგდებენ ჩვენ, როგორც „არემჯი გოლდის“, ასევე „არემჯი კოპერის“ თანამშრომლებს, რადგან ეს ორივე კომპანია ერთანეთის განუყოფელი ნაწილია”, – აღნიშნულია კომპანია „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ თანამშრომლების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები