ვასიკო ოდიშვილმა ტელეკომპანია “მაესტრო“ დატოვა
გადაცემა “ყოველდღიური აბების“ წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვა
როგორც გადაცემის წამყვანი განმარტავს, არხზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მისმა გუნდმა და თავად წამყვანმა მიიღეს გადაწყვეტილება, არხი ვადაზე ადრე დატოვონ.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე და ჩემი გუნდი ვაპირებდით “მაესტროს” დატოვებას, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამ ინფორმაციას ვადასტურებთ, თუმცა არხის დატოვებას “აბები” გეგმავდა 2014 წლის 31 დეკემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც არხის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შევასრულებდით. შექმნილი დელიკატური მდგომარეობიდან გამომდინარე, არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და დღესვე დავტოვო არხი”, – განაცხადა ვასიკო ოდიშვილმა. მისივე თქმით, გადაცემა “ყოველდღიური აბები” ტელეეთერიდან არ გაქრება და ახალ არხზე გააგრძელებს მაუწყებლობას.
“ყოველდღიური აბები” არ გაქრება ტელესივრციდან. მე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებშიც მოაიზრებიან “მაესტროს” პირველი დამფუძნებლები, ვგეგმავ პოლიტიკურ-სატირული არხის გაკეთებას, რომელსაც დაერქმევა “აბები”. ამ არხზე ბევრ საინტერესო პროგრამას იხილავთ”, -აღნიშნა ვასიკო ოდიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა. დღესვე “მაესტროს“ ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.