გარემოს დაცვის სამინისტრომ ნაძვების დაცვის მიზნით აქცია „ნუ მოჭრი ნაძვს“ დაიწყო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გარემოს დაცვისა და ნაძვების გადარჩენის მიზნით „ნუ მოჭრი ნაძვს“ – აქცია იწყება,- ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, აქციის მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
ბითაძის თქმით, სამინისტრო ნაძვების მოჭრა – განადგურებისგან გადარჩენის მიზნით მოსახლეობას ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიერ გამოყვანილ ბუნებრივ ნაძვებს სთავაზობს.
„ სამინისტროს ინიციატივით აქცია – „ნუ მოჭრი ნაძვს“ მიმდინარეობს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა შესაძლებლობები აქვთ, რომ შეიძინონ ბუნებრივი ნაძვები, რომლებიც კანონიერი გზით არის მოპოვებული და რა სანქციები ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ ხე – ტყის არალეგალურად ამოღება მოხდება. ამ კამპანიაში მხარს გვიჭერს არაერთი ორგანიზაცია. გარემოს დაცვის სამინისტრო ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მეშვეობით იწყებს ხუთწლიან პროგრამას – მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება სანერგეში გამოყვანილი ნაძვები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს როგორც წინასაახალწლო ნაძვის ხე. ეს ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ნუ მოვჭრით ნაძვს. ეს ხეები ჩვენი მომავალია. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ და ნაძვები გამოყავთ როგორც კერძო ნაკვეთებში, ასევე სანერგე მეურნეობებში, რაც აბსოლუტურად ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
ბითაძის განცხადებით, არსებობს სანქციები, რომელიც ხე- ტყის უკანონოდ მოჭრისთვის დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
„ტყის ფონდის ტერიტორიაზე გარემოდან ხე- ტყის უკანონოდ ამოღება იწვევს დაჯარიმებას 200-400 ლარამდე, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე სანქციები იზრდება და 500 – დან 600 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს“,- განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ „კვირას“ პრესკლუბში.
აქციაში სამინისტროს ერთ-ერთი პარტნიორია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირაც“, რომელიც, საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, აქციაში მონაწილე სხვა პარტნიორების მოძიებითაც დაკავდა. „კვირას“ ჩართულობით და მონაწილეობით, აქციას შეუერთდა პოლონური კომპანია „აგრომასქ დეკორი“, რომელმაც ამ აქციის ფარგლებში პოლონეთიდან 2 სახეობის ნაძვი შემოიტანა.
„საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“ შეუერთდა სამინისტროს აქციას – „ნუ მოჭრი ნაძვს“. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ინიციატივით აქციაში ჩაერთო ქართულ – პოლონური კომპანია „აგრომასქ დეკორი“, რომელმაც ამ აქციის ფარგლებში პოლონეთიდან 2 სახეობის ნაძვი შემოიტანა. „აგრომაქს დეკორს“ აქვს თავისი სანერგე მეურნეობა, მან გამოყო ორი სახეობის ნაძვი, რომელიც სპეციალურ ფასად – 20 ლარად იყიდება. „კვირას“ ინიციატივით ბევრი სახელმწიფო და კერძო კომპანია ჩაერთო ამ აქციაში. ჩვენ გავაშუქებთ ყველა იმ ქმედებას, თუ როგორ, სად დაირგო ეს ნაძვები და როგორ მწვანდება ბუნება. მნიშვნელოვანია ადამიანთა ცნობიერების იმდენად ამაღლება, რომ ნაძვი ქოთანში შეიძინონ“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა.
აქციის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ასევე: თავდაცვის სამინისტრო, ანი მიროტაძე, ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, მაღაზია „anouki“, „uni grupi”, „ლოჯიკალ სისტემს კომპანი“, სპორტკომპლექსი „არენა“, კლინიკა „დერმა“,რესტორანი „წისქვილი“, მომღერალი ნათია სვანიძე.
აქციის ერთ-ერთი პარტნიორის, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის თქმით, ფედერაცია სამინისტროს ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, აქციის ფარგლებში ფედერაცია შეიძენს ნაძვებს და ახალგაზრული ნაკრების სპორტსმენები მათ თავადვე დარგავენ.
„ ფიგურული ციგურაობის ფედერაცია შეუერთდა აქციას. მარადმწვანე მცენარეებს თავად დარგავენ სპორტსმენები, რაც საწინდარი იქნება იმისა, რომ ისინი მომავალში არ მოჭრიან მცენარეებს და იზრუნებენ გარემოს დაცვაზე. ფედერაცია შეიძენს ნაძვებს და ახალგაზრდული ნაკრების სპორტსმენები დარგავენ მათ“,- განაცხადა მაკა გიორგობიანმა.