საქველმოქმედო ორგანიზაციებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს (ფოტო,ვიდეო)
საქველმოქმედო ფონდმა „აირესი“ , საერთაშორისო ქალთა კლუბმა „ინერვილი“, საქველმოქმედო ფონდმა „ჩემი სახლი“ და „ქართველთა თანადგომის საზოგადოებამ“ დღეს, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები სოციალურად დაუცველი და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი კი მულტიპლიკაციური ფილმის შექმნა იქნება.
როგორც საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლის“ დამფუძნებელმა და საერთაშორისო ქალთა კლუბის პრეზიდენტმა ნინელი ჭანკვეტაძემ განმარტა, შეზღუდული უნარის მქონე ბავშვები დახატავენ მულტფილმის პერსონაჟებს და თავადვე გაახმოვანებენ მას.
“ერთი წელია საქართველოში რაც შეიქმნა კლუბი „ინერვილი“ ეს არის ქალთა კლუბი ამიერკავკასიაში. ეს საქართველოში პირველად შეიქმნა და თუ არ ვცდები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასეთი კლუბი არ არსებობს, თუმცა მსოფლიოში ეს ძალიან ცნობილი კლუბია. ეს არის ქალთა კლუბი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ქველმოქმედებას. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი ქალბატონები შეიყარენ ამ კლუბში და სხვებიც გვემატებიან. საქველმოქმედო მიზნები გვაქვს, დღეს გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა ახალგაზრდა მხატვრის, რომელმაც მთელი თავისი თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა“, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლის“ დამფუძნებელმა და საერთაშორისო ქალთა კლუბის პრეზიდენტმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
სმენედაქვეითებული ბავშვების დახმარების საქმეში აქტიურადაა ჩართული შვეიცარიაში მცხოვრები „ქართველთა თანადგომის საზოგადოების“ თავმჯდომარე და საერთაშორისო ქალთა კლუბ „ინერვილის“ წარმომადგენელი ქეთი კრებსერი – წიქორიძეც. წიქორიძემ სმედადაქვეითებული ბავშვების სოციუმში ინტეგრირებაზე გააკეთა აქცენტი და ბავშვების საჭიროებებზე ისაუბრა.
სმენადაქვეითებული ბავშვების დასახმარებად პედაგოგთა გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრა საქველმოქმედო ფონდ „აირესის“ და საერთაშორისო ქალთა კლუბ „ინერვილის “ წარმომადგენელმა ეკატერინე თორთლაძემ. მისი თქმით, უნდა იყოს ნება იმისა, რომ მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებს განათლების საშუალება მიეცეთ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YkuWDF2nJNs” width=”560″ height=”315″]