შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ ფარგლებში, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს აუხსნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა და როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. მათ მოსახლეობას განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. სამართალდამცველებს, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.
მათ ასევე განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა და ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.