პარლამენტი წლის ბოლომდე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონს დაამტკიცებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, – ამის შესახებ კომიტეტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრები იყო არასამთავრობო სექტორთანაც. ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ ჩვენ საიდუმლოების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან და აქ ქართული მხრიდან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობების მოქნილობა უნდა გაჩენილიყო. ამ რეჟიმს ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. დღეს ეს რეალობა გვიდგას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა, რომელიც დაკავშირებულია ნატოს მისიის ფარგლებში კონკრეტულ საბრძოლო და კონკრეტული კონტინგენტის მოქმედებებთან. შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ,რიგგარეშე სესია დაინიშნება და ამ კანონს წელსვე მივიღებთ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში. მისივე თქმით, კანონპროექტზე კომიტეტი სპეციალურად შექმნილ კომისიასთან ერთად 14-15 თვის განმავლობაში მუშაობს. მასში ასახულია შესაბამისი უწყებების მიერ გამოთქმული შენიშვნების უმეტესი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები