რუსეთიდან ჩამოტანილი ქართული საარქივო და ფოტომასალის წარდგინება გაიმართება
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში რუსეთიდან ჩამოტანილი ქართული საარქივო და ფოტომასალის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს ხელოვნების სასახლეში რუსეთიდან ქართული უნიკალური საარქივო მასალა ჩამოიტანეს. 7-10 დეკემბრამდე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე III საერთაშორისო კულტურული ფორუმის ფარგლებში, ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დეტალურად შეესწავლათ, აეზომათ და ფოტოზე დაეფიქსირებინათ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრთა საფლავები, ალექსანდრე ნეველის ლავრისა და მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტრის XVIII- XIX საუკუნეები, საფლავების ტერიტორიაზე კი რამდენიმე დღემდე უცნობი და შეუსწავლელი ქართული ნეკროპოლია გამოვლენილი. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ბაგრატიონ-იმერეტინსკების, ამილახვარების, გელოვანებისა და იაშვილების საგვარეულო საფლავები. მოსკოვის დონის მონასტრის საკურთხეველ ქვეშ განლაგებულ დიდ პანთეონში კი ქართულ მხარეს საშუალება მიეცა მეფე არჩილისა და მისი ოჯახის წევრთა საფლავების უნიკალური ეპიტაფიების დეტალური დიგიტალიზაცია მოეხდინა.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში ჩამოტანილია მასალა 20-ზე მეტი ქართული განსასვენებლის შესახებ. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული პირების საფლავები, როგორებიც არიან: საქართველოს დედოფალი დარეჯან დადიანი(1738-1807), ერეკლე II-ის შვილები, ბატონიშვილები: ვახტანგი და დავითი, სამეგრელოს დედოფალი ნინო დადიანი (1772-1847), მეფე პოეტი არჩილ II-ბაგრატიონი (1647-1713) და სხვა. აღნიშნული ექსპედიციის მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული საფლავების სრული ინვერტარიზაციაა. ექსპედიცია სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის აპარატის უფროსის დავით ადამიას და ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარის არჩილ გელოვანის დახმარებით განხორციელდა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ყაზანისა და „ვსესვიატსკოე“ ტაძრების ქართული ნეკროპოლების შესწავლა. ასევე ექსპედიციის ფარგლებში მომზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მაყურებელი 2016 წელს იხილავს.