გასაჯაროვდება თუ კიწმარიშვილის საქმის მასალები – ოჯახი პროკურატურას პასუხობს

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებას ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ეხმაურება. როგორც „კვირას“ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, ფაქტობრივად ირაკლი შოთაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კიწმარიშვილის ოჯახის წევრები გამოძიებასთან დღემდე აქტიურად თანამაშრომლობენ.
„ჩვენ გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები, ამ დღეებში კვლავ უნდა შევხვდეთ გამომძიებლებს და ჩვენს შენიშვნებს გავაცნობთ გამომძიებელს. საქმის მასალებში არის რაღაც გარკვეული საკითხები, სადაც ოჯახს კითხვები გვაქვს. ჩვენ შევხვდებით გამომძიებლებს, შევჯერდებით და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა დასკვნას დადებს, რომელიც მტკიცებულებებით იქნება გამყარებული. საქმის მასალების გამოქვეყნება ჩემს კომპეტენციას სცილდება. თუმცა, მე თითქმის ყოველდღე ველოდები გამომძიებლებთან შეხვედრას, სადაც გარკვეულ საკითხებს განვიხილავთ. რა თქმა უნდა, გამოძიების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც პროკურატურა საქმეზე დასკვნას დადებს და გასაჯაროვდება. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებებს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით“. – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კონსულტაციის გარეშე საგამოძიებო მასალები არ გასაჯაროვდება. ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები