მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოსწავლეებმა “იმიტირებული გამოძიება” ჩაატარეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, დღეს, პროექტი – ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა.
ღონისძიება თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში ამავე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე გამოიძიეს და სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა და დაკავება.
ამავე პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას, კერძოდ როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
პროექტს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აკვირდებოდა, რომელმაც დასასრულს პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა. აღნიშნული პროექტი მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერებას, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.