ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს შემფასებელი მისია ეწვევა

  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, პირველი ბლოკის მეორე ფაზის შემფასებელი მისია საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები უშუალოდ ადგილებზე გაეცნობიან გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული შესრულების მდგომარეობას და შეაფასებენ მიღწევებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს გადაეცა 2013 წლის 25 თებერვალს. გეგმა შედგება ორი, საკანონმდებლო და განხორციელების ფაზისაგან. პირველი ფაზა მოიცავს ყველა იმ საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც მაქსიმალურად დააახლოვებს საქართველოს სამართლებრივ სივრცეს ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან.
2013 წლის 29 ოქტომბერს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში რომლითაც დაადასტურა რომ საქართველომ შეასრულა პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებები და კომისიას შეუძლია შეუდგეს მეორე ფაზის იმპლემენტაციის შეფასებას.
17 ნოემბერს კი, ევროკავშირის საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის პოზიცია. მისიის მიზანია შეამოწმოს საქრთველო დოკუმენტის უსაფრთხოების კუთხით არსებული სტანდარტების შესაბამისობა გეგმით გათვალისწინებულ მოთხვნებთან და იმ რეგულაციებთან, რასაც განსაზღვრავს პირველი ფაზის დროს შემუშავებული საკანონმდებლო ბაზა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წამყვანი როლი აქვს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირების ანგარიში მოისმინა.
„ჩვენ დღეს საქართველოში ერთკვიარიანი ვიზიტით ვღებულობთ შემფასებელ მისიას, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი ხელმძღვანელობს. ეს შეფასების მისია ჩამოდის საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის შეფასების ფარგლებში. თქვენ გახსოვთ პირველი ფაზა ოქტომბერში წარმატებით დავხურეთ. აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ საქართელომ საზღვრები გახსნას ევროკავშირთან და ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვეძლოს ევროკავშირის სივრცეში. მეორე ფაზის შემფასებელი მისია სწორედ დღეს ჩამოდის საქართველოში და შეაფასებს ე.წ. პირველ რგოლს, რომელსაც ეწოდება უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება საქართველოში და იმ პრინციპის დაცვა, რომელიც ევროკავშირისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ქვია „ერთი ადამიანი ერთი უსაფრთხო დოკუმენტი“ –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, მისიის მუშაობა გულისხმობს ძალიან დიდი სამუშაოს შემოწმებას, კერძოდ იმას, თუ როგორ არის დიგიტალიზებული დაბადების მოწმობები, გვარის შეცვლის დოკუმენტები, მამობის დადგენის, გარდაცვალების მოწმობები და სხვა. სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოში უკვე 5 მილიონამდე აქტია დიგიტალიზებული, 2024 წლის დეკემბრამდე ეს პროცესი საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
როგორ მინისტრმა განმარტა, შემფასებელი მისიის წარმომადგენლები ამ სატისტიკას ცოცხლად ნახავენ, იხილავენ თუ როგორ გაიცემა სერვისები, როგორ არის გამიჯნული მომსახურების წინა ხაზი უკანა ხაზისგან და პრაქტიკულად, რომ არ არსებობს საქართველოში დოკუმენტების გაცემისას კორუფცია; ნახავენ როგორ ვიცავთ პირად მონაცემებს და როგორ მუშაობს იუსტიციის სამინისტრო.
“ისინი ეწვევიან იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. მათ რეალურად აქვთ უფლება წავიყვანოთ იქ სადაც მოისურვებენ. დღევანდელი თათბირი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურებისგან მომესმინა რა ხარისხის მზაობა არსებობს ამ კუთხით. უნდა ითქვს, რომ ჩვენ აბოსოლუტურად წელგამართულები ვართ ამ მხრივ”-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი და დროული იმპლემენტაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და მისი საბოლოო შედეგი აისახება თითოეულ მოქალაქეზე. მას შემდეგ რაც საქართველოს დააკმაყოფილებს გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებს, მის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი, საშუალება ექნება იმოგზაუროს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ, 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები