„ისრაელის სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართება

  დღეს, 13:00 საათზე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე მედიას დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც „ისრაელის სახლში“ გაიმართება, განხილული იქნება შემდეგი თემები: ქნესეთის ეგიდით, 16 დეკემბერს თბილისში, საბჭოთა კავშირიდან ალიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საქართველოს ურთიერთობები ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან; ახლახან ისრაელში ქართველი შინდლერის – სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი; საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატისა და ისრაელის სახლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მომავალი გეგმები.
16 დეკემბრისთვის რუსთაველის თეატრში დაგეგმილი ღონისძიება ებრაულ დღესასწაულს, ხანუქას ემთხვევა, რომელიც, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, დიდი ალიის იუბილესთან ერთად საზეიმოდ აღინიშნება. ღონისძიებას საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლების, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
პრესკონფერენციაზე ბიზნეს პალატის პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში არსებული ეტაპებისა და იმ გზის შესახებ, რომელიც ორმა ქვეყანამ გაიარა „ერების კავშირებიდან ქვეყნების კავშირებამდე“. განხილული იქნება დღეს არსებული ვითარებაც, რომელიც, შეიძლება ითქვას, თვისობრივად ახალ ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.
მედია მიიღებს, აგრეთვე, ინფორმაციას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილ შემდეგ აქტივობებზე: იერუსალიმში ბიზნეს-ფორუმი – „თბილისი- იერუშალაიმ“, რუსთავის ინდუსტრიის განვითარება, იერუსალიმის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული კულტურისა და ტურიზმის გამოფენა და სხვა.
ტელეკომპანიებს პირველად გადაეცემათ კადრები ახლად გადაღებული ფილმიდან – „ქართველი შინდლერი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები