“ხუდონჰესი” კერძო კომპანიის ნაცვლად, შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს

“ხუდონჰესი” მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე კერძო კომპანიის ნაცვლად, შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
„გვქონდა საუბარი იმაზეც, ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ სასტუმრო “რედისონში” სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მისივე თმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რადგანაც ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
“სიმართლე გითხრათ, დარეგისტრირებული არ იყო მიწები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, თუმცა, ისინი მოიხმარდნენ ამ მიწებს. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მიწების დაბრუნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უნდა ჩატარებულიყო აზომვითი სამუშაოები, შეფასება და შესაბამისად, ანაზღაურება. ამ ეტაპზე ვართ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. მე არ დაგიმალავთ, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს ეს პროექტი, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო კერძო კომპანიისგან მოითხოვს, რომ ყველა პროცესი იყოს ღია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით “ხუდონჰესის” პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ ინდურ კომპანია “ტრანსელექტრიკასთან”. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები