„აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის“

  დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი იდენტიფიცირებულია და ისინი ერთ ოჯახს ეკუთვნის. მინისტრის თქმით, გარდაცვლილების ნეშტებს ოჯახის წევრებს დღეს გადასცემენ.
მინისტრი სოზარ სუბარი და გარდაცვლილების ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებიან.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა მინისტრ დავით დარახველიძეს და ჩემს მოადგილეს. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან კონსტრუქციული მიდგომა აფხაზური მხარის მიერ. სწორედ ასეთი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ცხედრების გადმოსვენება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან. ოთხი მათგანის იდენტიფიცირება მოხდა. ყველანი არიან ერთი ოჯახისშვილები. ტყუპი ძმები ნუკრი და ვასილ წიკლაურები. მაშინ 30 წლის იყვნენ და მათი დის შვილები, 23 წლის და 25 წლის ძმები ზურა და თენგო ზალდასტანიშვილები. ისინი იყვნენ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმში სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები