ლადო გურგენიძე: ფინანსურ საკითხებზე მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დავიზარებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე უკრაინის მთავრობაში მის მიერ პოსტის შესაძლო დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გურგენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დღესდღეობით კერძო სექტორში თავს ყველაზე კარგად გრძნობს, უკრაინისთვის კი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე გარკვეული რჩევების მიცემას არ დაიზარებს, თუმცა საჯარო სექტორში მუშაობა არ სურს.
„დღესდღეობით, მე თავს ყველაზე კომფორტულად კერძო (და არა საჯარო) სექტორში ვგრძნობ. „ლიბერთი ბანკი“ განვითარების ახალ, საინტერესო ფაზაში გადადის, ბევრი დაწყებული და ჯერ დაუსრულებელი ინიციატივა და პროექტი მაქვს Bayport-ში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვარ, Bank of Kigali-საც ჭირდება ჯერ მიხედვა, ხოლო ბოლო დროს დაწყებული სტარტაპ ბიზნესები გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ ნებისმიერი ახალი full-time პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც არ უნდა ყოფილიყო ის, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია.
ამავდროულად, არასდროს დამზარებია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გამეწია კონსულტაციები, ან რჩევები მიმეცა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის (და ეს არაერთხელ გამიკეთებია აფრიკაში ბოლო წლების მანძილზე), იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობდი იდეოლოგიურ სიახლოვეს და ადგილი ჰქონდა ძირითადი ღირებულებების თანხვედრას – ბიზნესში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩაურევლობას, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებსა და რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს. ბუნებრივია, მითუმეტეს არ დავიზარებ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას – თუკი იქნება ამის საჭიროება და თუკი ეს ბევრ დროს არ წაიღებს.
უკრაინა დღეს ძალიან მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, მქონდა რა საშუალება რამდენიმე დღის წინ უშუალოდ გავცნობოდი პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკის მიდგომებსა და რეფორმების კონკრეტულ გეგმებს, გარკვეული ოპტიმიზმი ჩამესახა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მიდგომათა აბსოლუტური უმეტესობა სწორი და დროულია, და მხოლოდ 2-3 საკითხში მე პირადად ვუსურვებდი უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ლიბერალიზაციის მიმართულებით“, – წერს გურგენიძე და უკრაინის ახალ მთავრობას წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები