კულტურის სამინისტროსთან ყავის სმით უწყების „უსაქმურობა“ გააპროტესტეს
საყდრისის კომიტეტმა დღეს კულტურის სამინისტროსთან აქცია მოაწყო.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ მაგიდა, სკამები და ცხელი ყავა. ისინი მაგიდასთან ისხდნენ, სვამდნენ ყავას და კულტურის სამინისტროს საქმიანობას აპროტესტებდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ: რამდენიმე დღის წინ საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები მისულები იყვნენ კულტურის სამინისტროში, თუმცა მათთვის არავის არ ეცალა, ყველა ყავის სმით იყო დაკავებული.
„ეს სამინისტრო რეალურად არაფერს არ აკეთებს, აქ ხდება სრული უსაქმურობა. ამ სამინისტროში დაკავებულები არიან მხოლოდ ყავის სმით. მარტო 2013 წლისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვაზე დადებულია ხელშეკრულებები 31 073 ლარის ღირებულების, მათ შორის შესყიდულია 10 393 ლარის ყავა. შეძენილი აქვთ 35 044 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. სულ 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯულია 102 739 ლარი. ეს რიცხვები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროს შესასვლელთან სიმბოლურად დიდი ზომის ფინჯანი, ერთი კოლოფი ყავაც დადეს და ბანერი გააკრეს წარწერით – „ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო“.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის მხრივ, მათ შორის საყდრისთან დაკავშირებით, ასევე სხვა თემებთან მიმართებაში, საერთოდ არაფერს აკეთებს, გარდა ყავის სმისა.