დონდუა: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ

უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უნდა მიეძღვნას.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ “მოპასუხე” იქნება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გაეროში მუშაობის და მისთვის სასურველი საკითხების ლობირების უდიდესი გამოცდილება აქვს, მაშინ როცა საქართვლოსთვის ეს არის პირველი მცდელობა უშიშროების საბჭოზე გაიტანოს თავისი საკითხი. ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ოფიციალურ მოთხოვნას გავაკეთებთ მაშინ, როცა საკითხი სათანადოდ მომზადდება. აჟიტირება და ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზირება კი, მხოლოდ ხელს შეუშლის სასურველი შედეგის მიღწევას”, – განაცხადა დონდუამ.
დონდუას თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში.
ამასთან, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დასაყენებლად მხოლოდ ოფიციალური მიმართვის გაკეთება არ არის საკმარისი, რადგან ოფიციალურ მიმართვას ოფიციალური უარი მოჰყვება და ხელმეორედ ამ თემის წამოწევა ვეღარ მოხერხდება.
“ისიც გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენს ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა გაეროს მასშტაბებით, საბედნიეროდ, არ არის იმ რეზონანსის მოვლენა, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბოს პირველივე მოთხოვნისთანავე. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების პირველადი რეაქცია ამ მოვლენაზე იყო ზედმეტად მშვიდი და არა ალარმისტული. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ ამ მოვლენის სიმწვავე და ის სახიფათო შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მის წაყრუებას. კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში”, – აცხადებს დონდუა.
მისივე თქმით, ბოლო დროს ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხის განხილვის მოთხოვნა მისიისთვის არ დაუვალებია. უწყება განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების შეთავაზებისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ამ საკითხს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყოლოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები