მუჰამედი დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ სახელად დასახელდა

დიდ ბრიტანეთში ახალდაბადებულ ბავშვებს ყველაზე ხშირად მუჰამედს არქმევენ. ეს მონაცემები ორგანიზაცია „BabyCentre UK“–ს ეკუთვნის, რომელმაც ახალადაბადებულ ბავშვებში პოპულარული სახელების რეიტინგი შეადგინა.
2014 წლის მამაკაცის პოპულარულ სახელთა რეიტინგში არაბულმა სახელმა მუჰამედმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა გასული წლის ყველაზე პოპულარულმა სახელმა – ოლივერი. მესამე ადგილზე – ჯეკი დამკვიდრდა, რომელიც გასულ წელს მეორე ადგილზე იყო.
რეიტინგში შემდეგ პოზიციებს პრინცი, ქინგი და ჯუნიორი იკავებენ. რაც შეეხება ისეთ „სამეფო“ სახელებს, როგორებიცაა ჰარი, უილიამი და ჯორჯი ისინი ოცეულის ქვედა პოზიციებზე დაეშვნენ.
რეიტინგში ცვლილებები არ მოჰყოლია ქალთა სახელებს. ბრიტანეთში ახალშობილ გოგონებს კვლავ ტრადიციულ „ბიბლიურ“ და „კლასიკურ ლიტერატურულ სახელებს“ არქმევენ. ქალთა სახელებს შორის პირველობა 2014 წელს სოფიამ მოიპოვა, რომელიც გასულ წელს პოპულარობით მესამე ადგილზე იმყოფებოდა. ისევე როგორც 2013 წელს, მეორე ადგილზე კვლავ სახელი ემილი გავიდა. მესამე ადგილზე ლილუ დამკვიდრდა, გასულ წელს კი მის პოზიციას ოლივია იკავებდა. „BabyCentre UK“–ის მთავარი რედაქტორის სარა რედშოს განცხადებით, ყოველ წელს სიაში სულ უფრო მეტი არაბული და ინდური სახელი ემატება, რომელთა პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება. ცნობისთვის წლევანდელი ფავორიტი სახელი მუჰამედი, გასულ წელს ბრიტანეთში პოპულარობით მხოლოდ 27–ე ადგილს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები