„მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“
მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, შარშან განხორციელდა რეფორმის პირველი ეტაპი.
“მის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დემოკრატიული წესი იქნა შემოღებული, რომელიც აღიარა ვენეციის კომისიამ. სასამართლო რეფორმის შემდეგ ეტაპზე, მოსამართლე ბევრად უფრო დამოუკიდებელი და დაცული იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით მან უკვე დანიშნა იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი.
“ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვთანამშრომლობ იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოსთან. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ სისტემის წინაშე დგას სერიოზული გამოწვევა. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლება და, მეორე მხრივ, გამოძიების პროცესში მხარეების თანასწორობის პრინციპების სრული უზრუნველყოფა”,- განაცხადა მარგველაშვილმა.