გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებს მიმართავს

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს მიმართა. მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით გამოსვლისას, აფხაზებს და ოსებს საქართველოს ევროპული კურსიდან პირდაპირი სარგებლის მიღება შესთავაზა.
“არაღიარების კურსი არ ნიშნავს იზოლაციონიზმს. ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ეროპული კურსიდან პირდაპირი სარგებელი მიიღონ. ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებში, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით – “ჩართულობა თანამშრომლობის გზით”.
აფხაზ და ოს თანამემამულეებს მინდა მივმართო იგივე სიტყვებით, რითაც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლის დროს: ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი იქნება. ასევე, მინდა მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს – ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფო აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით დაირღვა, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზების და ოსების იდენტობა და მისი დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას საქართველოს ერთიანობა წარმოადგენს.
“ამიტომ, თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების, და ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში”, – დასძინა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები