თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“იმისათვის რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სახელმწიფო სტრუქტურამ თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უკეთ დაგეგმოს თავისი საქმიანობა, მე დღესვე ვაცხადებ, რომ ვგეგმავ, ადგილობრივი არჩევნები დავნიშნო მიმდინარე წლის 15 ივნისს. შესაბამის ბრძანებულებას გამოვცემ მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაასრულებს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროცესს და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა არსობრივი თუ პროცედურული საკითხი ყველა დაინტერესებული სუბიექტისთვის ბოლომდე ცხადი გახდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდება. პარლამენტის სხდომა 16:00 საათზე განახლდება და ტრიბუნა ფრაქციების, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით. დასასრულს, პრეზიდენტი პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.