პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა უკრაინის მოვლენების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. სიტყვით გამოსვლამდე, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი კიევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“ჩემთვის დიდი პატივია თქვენსა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ დავიწყებდე ამ საკითხებზე საუბარს, მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველანი, დარწმუნებული ვარ, შეშფოთებული ვართ იმით, რასაც ვხედავთ ტელეეკრანებზე, რა რეალობასაც ვადევნებთ თვალს, ვითარება უკიდურესად მძიმეა, შეტაკებისას დაღუპულია ათობით ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაჭრილია. ჩვენთვის ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ ამ შეტაკებების დროს უკვე ორი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ სულებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტის სხდომას ესწრებიან დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდება. პარლამენტის სხდომა 16:00 საათზე განახლდება და ტრიბუნა ფრაქციების, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.
დასასრულს, პრეზიდენტი პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.