ხათუნა გოგორიშვილმა დეპუტატები სხვისი პულტების გამოყენების ფაქტებზე ამხილა
უმცირესობის დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლისას დეპუტატების ნაწილი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მათ რეგისტრაცია მაინც გაიარეს. აღნიშნულის შესახებ გოგორიშვილმა ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს მიმართა. „მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც სხდომის წამყვანს, რომ რეგისტრაციისას ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა დარბაზში. შემიძლია მათი სახელებიც კი გითხრათ. მაგალითად, ლიპარტელიანი დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მან რეგისტაცია მაინც გაიარა. მაინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე?“ – განაცხადა სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილმა.
უმცირესობის დეპუტატს ვიცე-სპიკერმა უპასუხა.
„მანდატურის სამსახურმა გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე. ამაზე უნდა იმსჯელოს საპროცედურო კომიტეტმა და გავარკვიოთ რა ხდება და რაშია საქმე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.