პრემიერმა ლატვიის პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის შეხვედრის ძირითადი თემები.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტისა და ლატვიის სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად სამუშაო სადილი გამართა. მან მადლობა გადაუხადა ანდრის ბერზინშს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას. მისივე განცხადებით, ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო და ის ანექსიის დოკუმენტად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები. სამუშაო სადილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ლატვიის პრეზიდენტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად ერთად გაემართნენ.