დავით ნარმანია გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა
დავით ნარმანიამ გერმანელ ბიზნესმენებს საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან ერთად, გერმანიის საბანკო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორების წარმომადგენლებს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო 2014 წელს საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გერმანულმა მხარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში. „ძალიან მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილება სტანდარტიზაციის საკითხებში და ინოვაციური მართვის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ამ კომპანიების მონაწილეობა. თუ ასეთი გამოცდილი კომპანიები გაიმარჯვებენ და მიიღებენ მონაწილეობას სამუშაოებში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს საქმის უფრო ხარისხიანად კეთებას და იმას, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები და მიდგომები უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენს ქვეყანაში“, -აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.