ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ძალაშია
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და დაახლოებით 25 საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” პარლამენტმა 5 თებერვლის სესიაზე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისთვის 7 თვითმმართველი ქალაქის დამატება და მათი რაოდენობის 12-მდე გაზრდა, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. პირდაპირი წესით აირჩევიან მუნიციპალიტეტების გამგებლებიც. თვითმმართველ ქალაქად ის 7 ქალაქი განისაზღვრა, სადაც გუბერნატორების ადმინისტრაციებია განთავსებული.
კოდექსის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდება გუბერნატორის საკონსულტაციო ორგანო – სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შევლენ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. საბჭოს ექნება საკონსულტაციო, სარეკომენდაციო ხასიათი და არ ექნება უფლება, მთავრობის დონეზე სადავო გახადოს გუბერნატორის გადაწყვეტილება. ამასთან, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, გადაიდო ორი ინსტიტუტის – საზოგადოებრივი საბჭოსა და თბილისის უბნის საბჭოების ჩამოყალიბების საკითხი, რაც კოდექსის პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო გათვალისწინებული.