თეა წულუკიანმა სოფელ გეგუთში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ გეგუთშიც ამოქმედდება. სერვისცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.
დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში გეგუთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.
საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მე-15 ცენტრია. ელექტრონული მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, შაშიანის, სართიჭალის, გომის, ჭალადიდის, რუისის, ხევის, კოდას, მანგლისის, ნიგოითის, ჯვრის, ფოკის და შორაპნის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობას. წლის ბოლომდე ცენტრები კაჭრეთსა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი) გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები