თეა წულუკიანი ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება

ვერ ვიქნები იმ ადამიანის მხარდამჭერი, ვინც პატიმარს თითით შეეხება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართულ ციხეებში სისტემური პრობლემები აღარ არსებობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებზეც ყურადღებაა გასამახვილებელი.
“ქართულ ციხეებში სისტემური პრობლემები აღარ არსებობს იმ გაგებით, რომ დღეს არ არის ციხესა და ციხის კედლებში ის კულტურა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო – ადამიანის წამება დასრულებულია. თუკი მოხდა ცალკეული შემთხვევები, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ამ შემთხვევაში პროკურატურიდან რეაგირება სწრაფი, ეფექტიანი და მკაცრი უნდა იყოს. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ იმაზე, თუ რა კანონით აკრძალული ნივთი ჰქონდა პატიმარს, არამედ იმით, მას როგორ მოექცა ციხის დაწესებულება.
ჩვენ ორჯერ უკვე წარსულში სტრასბურგის სასამართლომ დაგვსაჯა იმისათვის, რომ ალიევისა და შამაევის საქმეზე წინა ხელისუფლებას სანქციები ჰქონდა დაკისრებული. როდესაც პატიმარსა და ადმინისტრაციას შორის ხდება კონფლიქტი, იქ ხელისუფლება მხოლოდ პატიმრის წინააღმდეგ იძიებდა საქმეებს და არა ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მსგავსი ხარვეზი არ უნდა იყოს დაშვებული და ძიება ორივე მხარის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები