პრეზიდენტი დღეს პარლამენტარების წინაშე წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 14.00 საათზე პარლამენტის წინაშე წარდგება. მარგველაშვილს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობას და უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით გაგრძელდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დავით პატარაიას განცხადებით კი, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება სიტყვით, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მისი განმარტებით, აქცენტი ღირებულებით, ფასეულობით თემებსა და პრეზიდენტის ხედვებზე გაკეთდება.
“საუბარი იქნება, როგორ ხედავს პრეზიდენტი პასუხს ქვეყნის წინაშე 2013 წლის განმავლობაში მდგარ გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, მომავალში როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ საკვანძო გამოწვევებს. ეს ყველაფერი იქნება უფრო მეტად ღირებულებით, ფასეულობით ასპექტებში მოცემული. გამოწვევების თემა ძალიან ფართოა, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, გაგრძელებული ჩვენი სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური თემატიკით და დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გაანალიზდება და პრეზიდენტი ამ თემაზე ხედვას წარმოაჩენს”, – განაცხადა პატარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები