გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქნილი პრობლემების დასაძლევად არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყველა კონფესიის წარმომადგენელს საქართველოში, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა. “კვირა” პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისკენ მოუწოდა
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში, ჩიხში შეჰყავს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, დაუძლეველი პრობლემების წინაშე აყენებს აფხაზობას.
ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთი უკვე ფორმალურადაც მოაქციოს საკუთარ სამხედრო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში, ხოლო საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვარი მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურზე გადმოიტანოს.
აღნიშნული „ხელშეკრულება“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ცივილიზებულ პრაქტიკას და დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.
ნათელია, რომ ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთი გააგრძელებს თავის ექსპანსიონისტურ და ანექსიონისტურ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამდენად, არაღიარების პოლიტიკა ანტიანექსიური პოლიტიკის კომპონენტებით უნდა შეივსოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისკენ.
ამ მიზნით შესაძლებლად და სასურველად მიგვაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა, სადაც შემუშავდება როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა ამ ტიპის პრობლემების მიმართ, ისე კონკრეტული ზომები ევროპაში ახალი, არალეგიტიმური საზღვრების გავლების მცდელობის საწინააღმდეგოდ.
დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმტკიცე, გონიერება და მუხლჩაუხრელი შრომა, რათა წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებულ მეტად საშიშ პოლიტიკას.
მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს რესურსი, რომლის კონსოლიდაციისა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ესაჭიროება ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას.
ამ მიზნით გადაუდებლად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
მოწვეულ უნდა იქნას გაეროს უშიშროების საბჭო სადაც ადეკვატური შეფასება მიეცემა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს;
ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნები აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის წარმოსაჩენად;
საერთაშორისო არენაზე უნდა წარმოვაჩინოთ ის საფრთხეები, რომლებიც აფხაზეთის ანექსიითა და მილიტარიზაციით ექმნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონსა და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას;
მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ფონზე, უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების ახალი მექანიზმების ამოქმედება. ამ მიზნით პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, კვლევითმა ცენტრებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ თითოეული ფორუმი, თითოეული პლატფორმა და შესაძლებლობა ჩვენი საერთაშორისო აქტივობების მაქსიმალურად გასაშლელად;
უნდა გამოიკვეთოს საფრთხეები, რომელსაც ეს დოკუმენტი უქმნის თავად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, თვითმყოფადობას, კულტურას, ენასა და ტრადიციებს, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, და, აქედან გამომდინარე, მათ და მათი შვილების მომავალს.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში.
ეს ინფორმაცია ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სრულფასოვნად უნდა მივაწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
ამ საკითხებზე სასაუბროდ, უახლოეს დღეებში მე ვიწყებ შეხვედრებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მე ვთხოვ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ასევე საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესიების ლიდერებს, გამოიყენონ მათი ავტორიტეტი რათა ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიომ არ დაუშვას მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია.
ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მშვიდობისა და უკეთესი მომავლისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.