პარლამენტში ვახტანგ ხმალაძე და ეკა ბესელია წაკამათდნენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე და ეკა ბესელია წაკამათდნენ. ბიუროს წევრებს შორის კამათის საგანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის საკითხი გახდა. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განსაზღვრის თაობაზე. მათი შეთავაზება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ არ გაიზიარა, ხმალაძემ განაცხადა, რომ წამყვან კომიტეტად კვლავ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უნდა დარჩენილიყო, “რომლის წევრებიც საკითხში საკმაოდ ღრმად არიან გარკვეულნი”.
ხმალაძის ეს ფრაზა ეკა ბესელიას არ მოეწონა “საკითხი მაშინაც და ახლაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ეხებოდა”,-აღნიშნა ბესელიამ. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ორივე პროექტზე წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იქნება.