არჩილ გამზარდია: რუსეთს ოფიციალურად ეძლევა უფლება, დაიცვას აფხაზეთის საზღვრები

   რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთს ოფიციალურად ეძლევა უფლება, “დაიცვას აფხაზეთის საზღვრები”, – ამის შესახებ ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, რუსეთი უკვე ნებისმიერ სამხედრო ოპერაციასთან მიმართებაში პირადად ოფიციალურად ჩაერთვება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარი სახელით ყველანაირი შეფარვის გარეშე უკვე სრულად გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ომში.
„90-იანების დასაწყისში დაკარგული საქართველოს ტერიტორიები 90-იანების ბოლოს სეპარატისტულ და დანარჩენი საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიურ საზოგადოებრივ ურთიერთობებში გადავიდა. ქართველების ნაწილი დაბრუნდა აფხაზეთში. შედარებით დაცხრა ადგილობრივების ნეგატივი ქართველებთან მიმართებაში. აფხაზეთში თუ ცხინვალში ჩასვლა გამარტივდა. მახსოვს, იუმორშიც ყვებოდნენ, რომ “ოსების” მილიცია ანგელოზია ქართველ მილიციელებთან შედარებითო. ბევრი ამბობდა, რომ როგორც კი გაიგებდნენ, ქართველები ჩადიოდნენო, პატივს სცემდნენ, რითიც შეეძლოთო. ჩემი ნათესავები სოხუმიდან აფხაზურ აჯიკას მიგზავნიდნენ, რაჭაში კვლავ ცხინვალიდან დადიოდნენ. დღითიდღე ძლიერდებოდა დადებითი ხალხოსნური კომუნიკაციები პოლიტიკური კომუნიკაციების საწინააღმდეგოდ. 2003 წლის შემდგომ, სამწუხაროდ, მალევე იმატა ნეგატივმა კვლავ, შემდეგ კი ამ ნეგატივმა კულმინაციას მიაღწია 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სრული უფლება ჰქონდა, საკუთარ ტერიტორიებზე სპეცოპერაციები ჩაეტარებინა, შედეგობრივად მაინც უსუსური აღმოჩნდა მაშინდელი ხელისუფლება და დამატებით დაიკარგა ტერიტორიები, საზოგადოებრივ და სახალხო კომუნიკაციებშიც ნეგატივმა კულმინაციას მიაღწია. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დინამიკა წლების განმავლობაში ასეთი იყო: 90-იანებში რუსეთი უარყოფდა თავის თანამონაწილეობას და თავს მაშინაც მშვიდობისმყოფელად მიიჩნევდა; 2008-ში რუსეთი მათ შორის ფორმალურადაც უკვე გამოჩნდა, როგორც მხარე, რადგან რუსული ჯარები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე; ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთს ოფიციალურად ეძლევა უფლება, “დაიცვას აფხაზეთის საზღვრები”, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე ნებისმიერ სამხედრო ოპერაციასთან მიმართებაში პირადად ოფიციალურად ჩაერთვება, ეს ნიშნავს იმას, რომ დასახელებულ დინამიკაში რუსეთი უკვე სრულად გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ომში საკუთარი სახელით ყველანაირი შეფარვის გარეშე. ეს მძიმე და საგანგაშო მომენტია, თუმცა, საქართველო, როგორც წინა ხელისუფლებისას, ახლაც უსუსურად მოჩანს“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები