ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.
ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კონკურსის შედეგად შეირჩა. კერძოდ, ამ ვაკანსიაზე სულ 31 განაცხადი შევიდა და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა ოთხი კანდიდატი.
“საბოლოოდ, სწორედ ამ ოთხ კანდიდატს შორის მოხდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის შერჩევა. საკონსკურსო კომისიის შემადგენლობაში სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა გარდა ასევე შედიოდნენ ტურიზმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომენტარი ჟურნალისტებთან ტურიზმის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმაც გააკეთა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საკონსკურსო ჯგუფის შემადგენლობას იმის გამო, რომ მასზე გააკეთეს არჩევანი.
“სრულად ვიზიარებ და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც დამეკისრა. მითუმეტეს, რომ ტურიზმის სფერო ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტია და მისი განვითარება ეკონომიკის განვითარების ტოლფასია”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ხელახლა უნდა გავიაზროთ ტურიზმის როლი და მისი წონა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ მიზნით ჩოგოვაძე ახალი სტრატეგიის შემუშავებასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები