„ე.წ. გასაღების შსს-სა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისათვის მიკუთვნება ოპტიმალური ვარიანტია“

   ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების მფლობელი სუბიექტის განსაზღვრის საკითხს „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” ეხმიანება.
როგორც „რეპორტიორის” პრესკლუბში „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა საბა სუთიძემ განაცხადა, სასამართლოს ხელში ფარული მოსმენების მექანიზმის მოქცევა სასამართლოს აღმასრულებელ საქმიანობაში ჩართვას გამოიწვევს, რაც გაუმართლებელია. მისივე თქმით, ე.წ. გასაღების შსს-სა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისათვის მიკუთვნება ოპტიმალური ვარიანტია.
„პარლამენტში აღნიშნული საკითხის შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული: პირველი – ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ „გასაღების” ფლობის პირობით, ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს და მეორე – ვახტანგ ხმალაძის, რომლის თანახმად, „გასაღები” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელში უნდა გადავიდეს. პარლამენტში, საკანონმდებლო წინადადების სახით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „გასაღები” მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში უნდა გადავიდეს. სასამართლოს ხელში ფარული მოსმენების მექანიზმის მოქცევა სასამართლოს აღმასრულებელ საქმიანობაში ჩართვას გამოიწვევს, რაც გაუმართლებელია. აღნიშნულ გარემოებაზე არაპირდაპირ მიუთითა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც, რომელიც ეწინააღმდეგება ფარული მოსმენების „გასაღების” სასამართლოსათვის გადაცემას. მობილური ოპერატორებისთვის აღნიშნული ინსტრუმენტის მიკუთვნება გაუმართლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან ისინი კერძო პირები არიან და გაცილებით დიდია საფრთხე იმისა, რომ, მათი მეშვეობით, უცხო სახელმწიფოებმა საშიშროება შეუქმნან საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. კანონპროექტების შემოთავაზებული ვარიანტებიდან ოპტიმალურად ის უნდა ჩაითვალოს, რომელიც ე.წ. გასაღების შსს-სა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისათვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, ვინაიდან, პირველ რიგში, შსს არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც საზოგადოებივი წესრიგის დაცვაზე უნდა ზრუნავდეს და მას ამისთვის ეფექტიანი ბერკეტები უნდა ჰქონდეს “, – განაცხადა საბა სუთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები